- შესაძლებელია თუ არა მივიღოთ პროგრამაში მონაწილეობა, თუ არ ვართ დარეგისტრირებული მაღალმთიან დასახლებაში?
შესაძლებელი არის თუ საკუთრებაში გაქვთ უძრავი ქონება მაღალმთიან დასახლებაში (უძრავი ქონება, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან / მუნიციპალიტეტის ორგანოსგან / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/აღნაგობის უფლებით.)
- შესაძლებელია თუ არა მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდგომ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
დიახ, შესაძლებელია მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდგომ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
- შესაძლებელია თუ არა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ფართობით, ან შენობა-ნაგებობით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
შესაძლებელია, საჭიროა ნოტარიული თანხმობა თანამესაკუთრისგან.
- შესაძლებელია თუ არა უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით მონაწილეობის მიღება?
უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა. დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა, მხოლოდ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით დამტკიცებული სესხისთვის.
- შესაძლებელია თუ არა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მიღებული დაფინანსების გამოყენება საკუთარი თანამონაწილეობის თანხად?
პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები, მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული სესხი/ლიზინგი.
- შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტის და სასტუმროს დაფინანსება ყველა მაღალმთიან დასახლებაში?
დაბა ბაკურიანში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა გუდაურსა და დაბა მესტიაში არ დაფინანსდება სასტუმროსა (მათ შორის საოჯახო ტიპის) და კვების ობიექტის მოწყობა.
- როგორ და როდის ხდება თანადაფინანსების გაცემა?
თანადაფინანსების გაცემა ხდება პროექტის დასრულების შემდგომ. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას.
- რა დაფინანსებას მიიღებს იურიდიული პირი (მაგ. შპს), თუ მისი დამფუძნებელი ან/და წევრები არიან ახალგაზრდა მეწარმეები (ქალები 18-დან 35 წლის ჩათვლით და კაცები 18-დან 40 წლის ჩათვლით)?
100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
- შესაძლებელია თუ არა დაფინანსდეს პირველადი წარმოება?
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოება არ ფინანსდება.
- არის თუ არა მისაღები ყველა აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა?
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა (რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს დასკვნითი შეფასება I, II, III ან IV კატეგორია), წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ.