მწვანე საგრანტო პროგრამა, სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები: თბოიზოლაცია, მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი.
პროგრამა განხორციელდა საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო.
მწვანე საგრანტო პროგრამა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსთან” (RDA) თანამშრომლობით განხორციელდა.
მწვანე საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით 106 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 106 ხელშეკრულება, ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 974,779 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 669,078 ლარია.