დუშეთში ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს იბერია ფრუიტს შეიქმნა 2016 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. შპს იბერია ფრუიტსი ყიდულობს ხილს 30-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ხოლო მთლიანობაში საქართველოს მასშტაბით 120 ფერმერამდე აწვდის კომპანიას ხილს. კომპანიაში დასაქმებულია 14 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 110-120 ტონა სხვადასხვა სახეობის მშრალ პროდუქტებს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ძირითადად საზღვარგარეთ. 2017 წლის იანვარში, ბრიტანულმა კომპანიამ Lloyds Register Assurance Quality შპს იბერია ფრუიტს მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.
მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს იბერია ფრუიტს შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.
USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.