ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს აგროლიდერი სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 1,212,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, 328,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად გახსნა სამაცივრო მეურნეობა და საწარმოო პროცესს გაეცნო. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 720 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 20 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.
კომპანიაში 2019 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის დანერგვა იგეგმება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 188 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.