ექსპო ჯორჯია“ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
2017 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯია ორგანიზებით იმართება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გამოფენის გახსნისას ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს მთავრობის იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელმაც შეძლო 5 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ნახევარზე მეტი მოეზიდა სოფლის მეურნეობაში და ნამდვილად დგას ის დრო, როდესაც უფრო და უფრო მეტი თანამედროვე, ჯანსაღი, ეკოლოგიურად გამართული ტექნოლოგიები შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელ გამოფენაში წარმოდგენილია უამრავი მონაწილე, რომელთაც სურვილი აქვთ დაათვალიერონ, შეიძინონ, გაიცნონ ის ტექნოლოგიები, რომლითაც მსოფლიო ამაყობს და ვფიქრობ, რომ ჩვენი ფერმერები ძალიან მალე დანერგავენ თავიანთ ფერმებსა და საწარმოებში ამ მიღწევებს, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს. მათ შორის, ბელარუსი მწარმოებლები, რომლებიც გამოფენაში ასეთი მასშტაბით პირველად მონაწილეობენ. გამოფენა ორგანიზებულია ბელარუსის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაერთიანებული საგამოფენო ორგანიზაციის ბელინტერექსპო" მიერ და ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით. ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა Made in Belarus წარმოადგენს 9 კომპანიას: დაფასოებისა და მეფრინველეობის ქარხნებს, უმსხვილეს ეროვნულ საკონდიტრო საწარმოებს, ძეხვეულის პროდუქციას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, ბავშვთა კვებას და ვიტამინიზირებულ დაკონსერვებულ საკვებს მეძუძური დედებისთვის. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯია ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოფენას 2300 მცირე ფერმერი სტუმრობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფერმერებს საშუალება ეძლევათ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯია მე-11 პავილიონში გაიხსნა. გამოფენა 3 დღის განმავლობაში 10:00 დან 18:00 საათამდე იმუშავებს.