სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შპს „ბიორასი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შპს ბიორასმა, 60 მზის პანელისა და 24 მზის ბატარეის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. გამომუშავებული ენერგიით, პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში 12 ჰა-ზე გაშენებული კაკლის ბაღისა და მცირე სასათბურე მეურნების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა ხდება.
მეურნეობის დასათვალიერებლად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში იმყოფებოდნენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა. სოფლის განვითარების პროგრამას, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ვახორციელებთ. მისი ერთ-ერთი მიმართულება ენერგოეფექტური სისტემების დანერგვის ხელშეწყობაა, რამაც შპს ბიორასს შესაძლებლობა მისცა, მოეწყო მზის ელექტროსისტემა, ალტერნატიული ენერგიის წყარო, საკუთარი მეურნეობის ეფექტიანად სამართავად, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ ხელშეწყობას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს სოფლად მდგრადი მიდგომებისა და მწვანე გადაწყვეტების დანერგვას, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.
ენერგოეფექტურობა და მწვანე გადაწყვეტები ჩვენი საგრანტო დახმარების საკვანძო საკითხია. სოფლის განვითარებაში ახალი მიდგომების დანერგვით, შესაძლებლობა გვეძლევა, რომ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა უკეთესად აღვადგინოთ, როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის საკეთილდღეოდ, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონი გამორჩეულია ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალით, მნიშვნელოვანია რომ შპს ბიორასის წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ სხვა ადგილობრივმა მეწარმეებმაც.
სოფლის განვითარების პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია.
სოფლის განვითარების პროგრამას ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.