• არის თუ არა განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების ბოლო ვადა?

    პროგრამის ფარგლებში არ არის განსაზღვრული განაცხადების მიღების ბოლო ვადა, განაცხადების მიღება დამოკიდებულია ბიუჯეტის ამოწურვაზე.

     

  • შესაძლებელია თუ არა მასერტიფიცირებელ კომპანიას წინასწარ გადავუხადოთ მომსახურების თანხა და შემდგომ შემოვიტანოთ განაცხადი?

    პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება მხოლოდ განაცხადის შემოტანის შემდგომ გაწეული ხარჯები.

     

  • შესაძლებელია თუ არა მასერტიფიცირებელი კომპანია იყოს უცხოური კომპანია?

    პროგრამის ფარგლებში მასერტიფიცირებელი ორგანო შეიძლება იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო, რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე პირველადი წარმოების პროდუქტის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან;

  • როგორ ხდება თანადაფინანსების გაცემა?

    ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ანაზღურების შემთხვევაში, თანხის გადახდა ხორციელდება ბიოწარმოების სერტიფიკატის წარმოდგენის შემდგომ, ხოლო ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის ან/და ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენის შემთხვევაში ანაზღაურება ხორციელდება ეტაპობრივად ყოველწლიური ხარჯების შესაბამისად, პროგრამის პირობების გათვალისწინებით.

     

  • აუცილებელია თუ არა აუდიტის დასკვნის წარმოდგენა და სად უნდა მოვიძიოთ აუდიტორული კომპანიები?

    პროგრამის ფარგლებში მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად არ არის საჭირო აუდიტის დასკვნის წარმოდგენა, ვინაიდან მიზნობრიობის დადასტურება ხდება ბიოწარმოების სერტიფიკატის წარმოდგენით.

    თავის მხრივ, პროექტის საინვესტიციო ღირებულებს საბაზრო ფასებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;

     

  • ბიოპრეპარატების და ორგანული სასუქებისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში როდის ხდება თანადაფინანსების გაცემა?

    ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის ან/და ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენის შემთხვევაში ანაზღაურება ხორციელდება ეტაპობრივად ყოველწლიური ხარჯების შესაბამისად, პროგრამის პირობების გათვალისწინებით.

     

  • რომელ მასერტიფიცირებელ და საკონსულტაციო კომპანიებს შეგვიძლია მივმართოთ?

    მასერტიფიცირებელი ორგანო -  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო, რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე პირველადი წარმოების პროდუქტის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან;

    საკონსულტაციო კომპანია - ნებისმიერი კომპანია, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს ბიოწარმოების მიმართულებით კონსულტაციების გაცემა.