ტერმინთა განმარტება
პროგრამა - ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“;
სააგენტო - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო;
ქონების სააგენტო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
მეწარმე სუბიექტი - პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;
პროგრამის ბენეფიციარი - მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ჩაის პლანტაცია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია ჩაის ნარგაობა, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია - ჩაის პლანტაცია, რომლის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ პროგრამით დადგენილი წესით და რომლის ნუსხაც ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - ქონების სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოები - ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო) სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან“ ერთად;
აგროტექნოლოგიური გეგმა - ჩაის პლანტაციაში სეზონურად/ყოველწლიურად ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამის აგროვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს, მაგრამ არანაკლებ ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვისა;
ჩაის პირველადი გადამუშავება - საქმიანობა, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ოპერაციებით - ჩაის პლანტაციაში დაკრეფილი ჩაის ნედლი ფოთლის ღნობა ან ღნობა-ფიქსაცია, ჩაის ფოთლის გრეხა, შრობა;
საწარმოო გეგმა - ჩაის ნედლი ფოთლის პირველადი გადამუშავების შედეგად წარმოებული ჩაის წლიური მოცულობა;
თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი:
ა) ბენეფიციარის თანადაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი, თუ ბენეფიციარს საკუთრებაში აქვს პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია;
ბ) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში არ გააჩნია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია და გეგმავს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან იჯარით მიღებას - ქონების სააგენტოსთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.