ქვემო-ქართლში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.
ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და შპს მექანიზატორის დირექტორი პაატა შეყელაძე ჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცნენ.
სოფელ კოდაში, 580 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ კოდადან 924 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 813 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს მექანიზატორის 8 ტრაქტორი შეასრულებს.
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 94 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 51 ათას ფერმერი. წელს პროექტს დაემატება ქალაქ რუსთავს შემოერთებული სოფლები.
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს.
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა.
* ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
* ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.
* ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.