ვანის რაიონში ფერმერმა ფუტკრის სკები შეიძინა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარმა, მინდია ქავთარაძემ 600 ერთეული სკა შეიძინა. მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დოხაშხოში მდებარეობს. მეურნეობისთვის ინვენტარის შესაძენად, სრულად, 90 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 35 865 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო.
მინდია ქავთარაძე კოოპერატივის თაფლი საჩინო წევრია, რომელსაც 2017 წელს, წყალდიდობამ მეფუტკრეობის ინვენტარი თითქმის სრულად გაუნადგურდა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის, თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, სახელმწიფოს დახმარებით, სტიქიით დაზარალებულ ფერმერს საშუალება მიეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა განეახლებინა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 123 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 600 000 ლარს გადააჭარბა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას