მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
პროექტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
შეღავათიანი აგროკრედიტის ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, აწარმოონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.