In Lagodekhi municipality, a biodegradable straws factory was launched

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  კომპანიის ,,ბიობამბი’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია. 

სოფლის განვითარების სააგენტოს  დირექტორი ილია თამარაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე  ახლადგახსნილ საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.  

„სოფლის განვითარების სააგენტო, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროექტებთან ერთად, ახორციელებს სოფლის განვითარების პროგრამას, რომელიც რვა მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება არა ერთი ინიციატივა.   ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმოს გახსნა არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შემცირება მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობით“, -განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. 

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, საწარმო, რომელშიც პროცესი წარიმართება ეკომეგობრული, ბიოდამზოგველი კომპონენტებით, ერთ-ერთი პირველია არამხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით. 

„ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დამატებითი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და მეწარმეებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით კომპონენტებს და ხელს უწყობს  ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს“, - განაცხადა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ. 

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 „სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება. 

 

Other news

See all