ნარინჯისფერი რთველი
ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრი ოთარ დანელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაურ ფუტკარაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ციტრუსის დაკალიბრებისა და გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის კონკურენტუნარიანი სახით მიწოდების საკითხებზე იმსჯელა.
ჩვენ განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება. წელს მოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო. წელს მოსავალი სავარაუდოდ 100-110 ათას ტონამდე იქნება. რაც შეეხება ციტრუსის სარეალიზაციო ბაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული ბაზრებიდან უკვე არის მოთხოვნა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიების საკითხებზეც. გვსურს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ექსპორტიორებს. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2015 წელსაც მოხდეს სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდიის გაცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. სუბსიდიის აღნიშნულმა მოდელმა შარშან გაამართლა და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონიც წარმატებულად ჩაივლის , - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, 1 ნოემბრიდან აჭარაში სპეციალური შტაბი გაიხსნება. უახლოეს მომავალში ჩაქვში ციტრუსის შემფუთავი კიდევ ერთი აცხალი საწარმოც ამოქმედდება. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შუა აზიის ქვეყნებში ციტრუსის რეალიზაციაზე.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე იმუშავებს ციტრუსის შემფუთავი 30მდე საწარმო, სადაც პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირებისთვის მომზადება მოხდება. წლევანდელ სეზონზე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნა, სადაც ციტრუსის პარაფინირება მოხდება. აღნიშნული სახით ციტრუსის დამუშავება ხელს უწყობს სარეალიზაციოდ მომზადებული ციტრუსის მინიმუმ ერთი თვით შენახვას.