"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სოფლის განვითარების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგი მიმდინარეობს ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის N254 დადგენილებისა და სააგენტოს შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული მოთხოვნების/პროცედურების შესაბამისად.
მონიტორინგი შესაძლოა იყოს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური.
მონიტორინგის სახეებია: საველე (უშუალოდ კოოპერატივში) და დოკუმენტური (ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა).
სააგენტოს დირექტორი ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას (გეგმური) და მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
- მონიტორინგის სახე;
- მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (თანამდებობა, სახელი და გვარი);
- იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დასახელება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი;
- მონიტორინგის განხორციელების ვადა.
გეგმური საველე მონიტორინგის ჩატარების თაობაზე წინასწარ, მაგრამ მონიტორინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, უნდა ეცნობოს შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მქონე იურიდიული პირის მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მათ მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები და ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიავლინოს სააგენტოს უფლებამოსილი პირი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არღვევს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს არაგეგმური მონიტორინგი სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.
მონიტორინგისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს:
- ახორციელებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას;
- ახორციელებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა სხვა საქმიანობას;
- დაცულია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმი;
- მიმდინარეობს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- დაცულია თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
იმ შემთხვევაში თუ მონიტორინგის განხორციელების შედეგად დადგინდება, რომ დარღვეულია ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე მოთხოვნა, სააგენტოს დირექტორი 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის ხარვეზების შესახებ რეკომენდაციის გაცემის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 6 თვისა, დარღვევის გამოსასწორებლად.
კოოპერატივს უწყდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი თუ:
- მონიტორინგის თაობაზე წერილის მიღებიდან, წერილით განსაზღვრულ 3 (სამი) თვიან ვადაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
- ხარვეზ(ებ)ის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზ(ებ)ის აღმოსაფხვრელად მიცემულ ვადაში/ვადებში არ უზრუნველყოფს ხარვეზების აღმოფხვრას.