ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა ბაზაში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული. პროექტის ბიუჯეტი 1,300,000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100,000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას. ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით. პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა