პროგრამაში ,,დანერგე მომავალი” ცვლილებები შედის
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის დანერგე მომავალი განცხადებების მიღების მეორე ეტაპს იწყებს.
პროგრამაში დანერგე მომავალი მოსახლეობის ჩართვის სტიმულირების მიზნით, დღეს საქართველოს მთავრობამ პროგრამის დიზაინში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა.
∙ მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში, საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტრის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.
∙ რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა.
∙ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს.
∙ იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტი.
∙ახალი განკარგულებით, ასევე შესაძლებელია ერთი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაწილეობა.
უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად პროგრამით დანერგე მომავალი სარგებლობას უფრო მეტი ფერმერი შეძლებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, პროგრამის დანერგე მომავალი I ეტაპზე სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში 89.63 ჰექტარზე ჯამში გაცემულია 575 889 ლარის დაფინანსება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის დანერგე მომავალი განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროექტის დანერგე მომავალი განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.