სოფელ გრემში ახალი საწარმო გაიხსნა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო - სარაჯიშვილი დისტილერი გაიხსნა. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადგახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.
სარაჯიშვილი დისტილერი სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.სახელმწიფოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში უკვე გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა 303 საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ პროექტების მხარდაჭერისთვის 17 მილიონ დოლარზე მეტია გაცემული.