საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2024
განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში დასრულებულია |
2024 წლის 19 - 28 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართება Green Week 2024 საერთაშორისო გამოფენა
გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,400-ზე მეტი კომპანია 61 ქვეყნიდან. Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ათი დღის განმავლობაში.
გამოფენის ფარგლებში, ასევე ტარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც ორგანიზებულია გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ. GFFA არის წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 და არაუმეტეს 20,000,000 ლარს;
- წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
- წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
- არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
- არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
ინდიკატორი | ქულა |
1. საწარმოს კატეგორია | |
1.1 მცირე საწარმო (50,000 ლარიდან - 500,000 ლარამდე) | 0.5 |
1.2 საშუალო საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) | 1.5 |
1.3 დიდი საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე) | 1 |
2. აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი | 2.5 |
3. არის შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში | 0.5 |
4. აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული | 2 |
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება.
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).
- სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის წინა წლის ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი (2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით);
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი.
იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ.
გისურვებთ წარმატებას!