საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 16 ოქტომბრის 12:00 საათზე და გაგრძელდება 2025 წლის 30 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით




2026 წლის 16 - 25 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გაიმართება „Green Week“ საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,500-მდე კომპანია 50 ქვეყნიდან. გამოფენას ყოველწლიურად 310,000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 10 დღის განმავლობაში.

გამოფენის ფარგლებში, ასევე ტარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც ორგანიზებულია გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ. GFFA არის წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე. 

2026 წელს გამოფენა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამოფენას საფუძველი 1926 წელს ბერლინში ჩაეყარა. 1990-იან წლებში, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, საგრძნობლად გაფართოვდა და ახალი განვითარების ეტაპზე გადავიდა. 2000-იანი წლებიდან კი გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.      საწარმოს გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა  
1.1    საწარმო (0 ლარიდან - 500 000 ლარამდე) 1
1.2   საწარმო (500 000 ლარიდან - 5 000 000 ლარამდე) 2
1.3   საწარმო (5 000 000 ლარიდან - 20 000 000 ლარამდე)  1.5
1.4   საწარმო (20 000 000 ლარიდან  და მეტი) 0.5
2.      აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი 2.5
3.      აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2


გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 

  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.5 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

იმ შემთხვევაში, თუ  დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა