საერთაშორისო გამოფენა - Caspian Agro 2026
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 14 იანვრის 12:00 საათიდან და გაგრძელდება 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით |
2026 წლის 5-8 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2026.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და სხვა გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://caspianagro.az/en/product-categories
საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.
2025 წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 28 ქვეყნიდან. გამოფენას 15,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
- წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
- არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
- არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
| ინდიკატორი | ქულა |
| 1. საწარმოს გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა | |
| 1.1 საწარმო (0 ლარიდან - 500,000 ლარამდე) | 1 |
| 1.2 საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) | 2 |
| 1.3 საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე) | 1.5 |
| 1.4 საწარმო (20,000 000 ლარიდან და მეტი) | 0.5 |
| 2. აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერტიფიკატი ან/და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი |
2.5 |
| 3. სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული | 2 |
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
- უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.5 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული გამოფენის ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ დადებითი/დამტკიცებული განაცხადების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდება, მოცემულ გამოფენაში სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პოტენციური ბენეფიციარების რაოდენობასთან შედარებით მონაწილოების უფლება მიეცემათ ისეთ კომპანიებსაც, რომლებმაც პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარმოადგინა სრულად, მაგრამ ვერ დააგროვეს პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ქულები.
განაცხადების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებმაც დააგროვეს მაქსიმალური ქულა, ხოლო თუ განაცხადებს აქვთ თანაბარი ქულა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სააგენტოში განაცხადის შემოსვლის თარიღი.
პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ.
გისურვებთ წარმატებას!