აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა
აგროდაზღვევის პროექტში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% იქნება.პროექტი მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.
გასული წლისგან განსხვავებით წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.
აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
გაცემულია 47,485 პოლისი
დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა
ჯამში დაიზღვა 326,842,630 ლარის მოსავალი
ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა.
2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ. ლარამდე შეადგინა.