აგროდაზღვევის პროგრამა - ზარალის ანაზღაურება
ქვემო ქართლში სადაზღვევო კომპანიებმა აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყეს.
მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრებ გიორგი ებანოიძეს ჭარბი ნალექის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება. 2015 წლის 20 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ გიორგი ებანოიძეს ხახვის ბაღჩის მოსავლის 75% გაუნადგურა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ თანხამ 232,000 ლარი შეადგინა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სრულად აუნაზღაურებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა აგროდაზღვევის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ, ქვემო ქართლში რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა სტიქიის შედეგად განადგურებული გიორგი ებანოიძის ნაკვეთი დაათვალიერეს და ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცეს.
მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრები გიორგი ებანოიძე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამაში 2014 წლის ოქტომბრის თვეში ჩაერთო და 17 ჰექტარი ხახვის მოსავალი დააზღვია, სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 30 345 ლარი, აქედან სააგენტოს ბენეფიციარს 28 560 ლარი გადაუხადა, ხოლო გიორგი ებანოიძეს მხოლოდ 1 785 ლარის გადახდა მოუხდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამაში ქვემო ქართლის რეგიონის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან 22 მარნეულის რაიონის მცხოვრები ფერმერია. საქართველოს მასშტაბით , აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 22,817 პოლისი, სუბსიდიის თანხამ შეადგინა 12,297,817 ლარი. დაზღვეული მოსავლის ღირებულებაა 164,087,076 ლარი. დაზღვეული ფართობი შეადგენს 20 281 ჰა. ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 3000 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 4,500,000 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.