კახეთში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს ჯეონატურალსი, სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და რეგიონალური მართვის საკითხებში პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად გახსნა. საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული. საწარმო პროდუქციის 4 სხვადასხვა სახეობის კონსერვს უშვებს სადილის ბრენდის სახელით. კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000 დაინერგა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. აქედან, კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა