მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
2016 წელს პროექტის ფარგლებში:
ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად).
ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ.
ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ ,,აგრობარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.
მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი) სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.
2013 წელს, მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა, პირველადი წარმოების ზრდის სტიმულირება და სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამწლიან პროგრამაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ბენეფიციარი ჩაერთო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყო 600-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის სარეალიზაციო ობიექტი და ფერმერებს საშუალება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძინონ მათთვის სასურველი საქონელი.
3 წლის განმავლობაში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი ფარგლებში:
2013 წელი - აღნიშნული პროექტის ფარგლებში 710,479 ბენეფიციარმა მიიღო 190,466,914 ლარის სარგებელი. 2013 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 208,375 ჰა სასოფლოსამეურნეო მიწის ფართობი.
2014 წელი - აღნიშნული პროექტის ფარგლებში 757,145 ბენეფიციარმა მიიღო 69,954,923 ლარის სარგებელი. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლოსამეურნეო მიწის ფართობი.
2015 წელი - პროექტის ფარგლებში 767,017 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 56,858,420 ლარის ღირებულების სარგებელი. 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით ჯამში პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი შეადგენს 212,141 ჰექტარს.