მცხეთაში კომბინირებული საკვების საწარმომ HACCP სერთიფიკატი მიიღო
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო შპს ინვეტ ფიდი შეიქმნა 2016 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს ნედლეულს როგორც ადგილობრივი ფერმერებისგან, ასევე ახდენს მის იმპორტის. დასაქმებული ყავს 20 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 2000-3000 ტონა კომბინირებულ საკვებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანა. 2017 წლის მარტში, ფრანგულმა კომპანიამ BUREAU VERITAS შპს ინვეტ ფიდს მიანიჭა HACCP სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას. მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს ინვეტ ფიდი შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან. USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.