პროგრამა „დანერგე მომავალი“კახეთში აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 20 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში დაფინანსება მიიღო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, პაატა ბუცხრიკიძის ბაღის გაშენების პროცესი. პაატა ბუცხრიკიძე პროგრამაში 2015 წლის 16 დეკემბერს ჩაერთო და 7.5 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 45,308 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.მიღებული დაფინანსებიდან 30,450 ლარი ნერგებზე ხოლო 14,858 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
კახეთში, სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონებში 179 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი, ხურმა, ბროწეული და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 954 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 5 მილიონ ლარს აღემატება.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის დანერგე მომავალი განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
პროექტის დანერგე მომავალი განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.