პროგრამა დანერგე მომავალის ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ
პროგრამა დანერგე მომავალის ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში დანერგე მომავალი მონაწილეების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრეინინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ტერიტორიაზე ჩაუტარდათ.
პროგრამაში მონაწილე 25 ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: ხეხილის (თესლოვანი და კურკოვანი კულტურები) ბაღების გაშენება და მოვლა; სხვლა-ფორმირება; ბაღის მორწყვის და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრეინინგი ორ დღეს მიმდინარეობდა, 28 თებერვალს დაიწყო და 2 დღე გაგრძელდა. ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ჩაუტარა. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს რეგულარულად გადაამზადებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში სულ 445 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია 14 494 862 ლარის დაფინანსება, 3017.5 ჰექტარ მიწის ფართობზე სხვადასხვა ტიპის მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა/შენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.