პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 835 ჰა ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
შიდა ქართლში 365 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება.51 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში დაფინანსება მიიღო. დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ, შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და პროგრამის დანერგე მომავალი მენეჯერმა ლევან დოლიძემ შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ შინდისში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ბერუაშვილის ბაღის გაშენების პროცესი.დავით ბერუაშვილი პროგრამაში 2015 წლის 7 დეკემბერს ჩაერთო და 5.1 ჰექტარზე ქლიავისა და ტყემლის ბაღების გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 24,650 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 11,900 ლარი ნერგებზე ხოლო 12,750ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.შიდა ქართლში, ქარელის, გორისა და კასპის რაიონებში 365 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში გაშენდა 835 ჰა-ხოლო დაფინანსების მოცულობა 4 მილიონ ლარს აღემატება.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის დანერგე მომავალი განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. პროექტის დანერგე მომავალი განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.