ყურძნის გადამამუშავებელი და სპირტის სახდელი ქარხნის გახსნა
სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელს, ზურაბ ჩხაიძეს საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება, რამაც სასიკეთო შედეგი უკვე გამოიღო.
დღეს ქართველი კაცი მობრუნდა სოფლისკენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც დაბრუნდა სოფლად და სხვადასხვა სახის საწარმოებს ხსნიან. ეს არის მეღვინეობის, მეცხოველეობის მიმართულებით გადამამუშავებელი წარმოებები და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, რადგან ამ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. აქ აღინიშნა ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ნამდვილად დიდი კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპასთან მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.იზრდება ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რაც სასიხარულოა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო თანდათან ხდება საექსპორტო ქვეყანა.
საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, არა მარტო ღვინის, არამედ ცნობადობასთან ერთად, და ერთვება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს და მათი სახით საბანკო სექტორს, რომლებმაც აიტაცეს პროგრამა აწარმოე საქართველოში და ალღო აუღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
KTW-ს ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით აღჭურვილ ქარხანას, 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია, საქართველოს ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
"კახური ტრადიციული მეღვინეობა ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. KTW ჯგუფის პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.