საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, შპს მექანიზატორი ადგილობრივ მოსახლეობას თავთავიანი მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი) მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურება. მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე, შპს მექანიზატორი მომსახურებას გაუწევს ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში და თავთავიანი მარცვლეული კულტურა არაუმეტეს 5 ჰა-ს მიწის ფართობზე აქვს დათესილი.
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს მექანიზატორის მომსახურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ შპს მექანიზატორის ადგილობრივ სერვის-ცენტრებს ან დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე2 47 01 01.