თერჯოლაში მეფრინველეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ი/მ გიორგი ხაზარაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა შეიქმნა და 2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო. ფერმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ი/მ გიორგი ხაზარაძის მეფრინველეობის ფერმა თვეში 18 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; საწარმოში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ი/მ გიორგი ხაზარაძე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოს შექმნისათვის გამოყენებული შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 100 323 აშშ დოლარს შეადგენს.2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.