2024 წლის შედეგები
2024 წლის დასასრულს სოფლის განვითარების სააგენტო ტრადიციისამებრ აჯამებს იმ პროგრამებისა და პროექტების შედეგებს, რაც აგროსექტორის განვითარების მიზნით განახორციელა. 2024 წელს მიმდინარე პროგრამები და პროექტები, მიზნად ისახავს აგროსექტორის საჭიროებებისა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას.
პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხოლოდ 2024 წელს 4,600-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემულია 857 მლნ ლარზე მეტი სესხი. 2024 წლის განმავლობაში ჯამში მომსახურება გაეწია 27,558 სესხს, სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 178,550,013 ლარი, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობამ კი 156,245. 2013 წლიდან დღემდე, 47,912 ბენეფიციარზე გაცემულია 7 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
პროგრამა „დანერგე მომავალი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა, რომლის წყალობით ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები. 2024 წელს დაფინანსდა 2,800 ჰა-ზე მეტი ახალი ბაღის გაშენება.
რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაფინანსებულია 270 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. 2024 წელს კი 14 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასრუქტურის შექმნის თაობაზე იქნა დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებული.
სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია. 2024 წელს კოოპერატივების მექანიზაციის და მოსავლის ამღების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 300-ზე მეტი ტექნიკის შეძენა, შეძენილი ტექნიკის ღირებულებამ 31 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
თხილი, გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და მისი ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, სწორედ ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება.
2024 წელს დავიწყეთ 4 ახალი პროგრამის განხორციელება: საპილოტე რეგიონებში ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, პირველადი წარმოების მხარდასაჭერად „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ პროგრამა, მეფუტკრეობის მხარდამჭერი პროგრამა და ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად. ახალი პროფილური პროგრამები 2025 წელსაც განხორციელდება.
პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.rda.gov.ge/programs