არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგები შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართული საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქ. გორში ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 13 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.