გურიის რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის ახალ ქვეკომპონენტს გაეცნენ
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში დანერგე მომავალი ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - კენკროვანი კულტურები დაემატა. დანერგე მომავალის პროექტის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი, გურიის რეგიონის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად რეგიონში: ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონებში მცოვრებ ფერმერებს შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა - ახალი ქვეკომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღოს სარგებელი.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ქვეკომპონენტი განხორციელდება:
იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;
გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარ-კონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა. პროექტის დანერგე მომავალი განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა