ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს კახეთში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვაა დაგეგმილი.ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე კახეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი გააცნო.
როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას; გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტის/პროგრამის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული.პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 20,000-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARDII-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას.
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით.პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.