სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 25 ერთეული კომბაინი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მასშტაბით მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღებაში, გარდა ამისა ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ ახალ ჯიშებს, იცით რომ მიღებულია კანონმდებლობა სათესლე მასალის გამოცდასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ფერმერებს შევთავაზოთ უკვე გამოცდილი ჯიშები ხორბლის, ქერის თუ სხვა მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 150 -მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 500 ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა