სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს ზედაშე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550,000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო და უხვი მოსავალია. 1080 ტონა ყურძენი უკვე დაკრეფილია და საწარმოებშია ჩაბარებული. მევენახეების შემოსავალმა, ამ ეტაპისთვის, 7,3 მლნ ლარს მიაღწია.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 800-ზე მეტი მოქმედი და 180 ახალი საწარმო.