სოფლის განვითარების სააგენტოს მუნიციპალურ ცენტრებს საველე ლაბორატორიული აღჭურვილობები გადაეცა
სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურები საველე ლაბორატორიული აღჭურვილობითა და ციფრული ტექნიკით აღიჭურვა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა ზრდა საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს 17 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალურ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა, რომლითაც ნიადაგის, მცენარისა და წყლის მიკრო და მაკრო პარამეტრების გაზომვაა შესაძლებელი. ექსტენციის სამსახურებს საველე კონსულტაციისათვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები და პლანშეტებიც დაურიგდათ.
ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ზრდა საქართველოში დირექტორი ქეთი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
პროექტის ზრდა საქართველოში გადმოცემული ლაბორატორიული აღჭურვილობა და ციფრული ტექნიკა სოფლის განვითარების სააგენტოს საექსტენციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ჩვენი პრიორიტეტია, სწრაფად და ეფექტიანად შევძლოთ დავეხმაროთ ფერმერებს გამოწვევების დაძლევაში, რისთვისაც საჭიროა, რომ ფერმერულ მეურნეობებში, ადგილზევე მოხდეს სრულყოფილი აგროკონსულტაციის გაწევა, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცა ინვენტარი, რომელიც გამოიყენება საველე პირობებში სამუშაოებისათვის. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის განვითარებას, რაც აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,-განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ექსტენციის სპეციალისტებს უკვე აქვთ საშუალება, ველზე მოახდინონ ტესტირება და იმ პრობლემების იდენიფიცირება, რაც ფერმერებს აქვთ, - განაცხადა აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ზრდა საქართველოში დირექტორმა, ქეთი ჭუმბურიძემ.