სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რეგიონული შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.
შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა გორში ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლიც მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას. პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა - განაცხადა ილია თამარაშვილმა
,,ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციებული სახელმწიფო პროგრამების სარგებლიანობის კუთხით შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.
სოფლად მცხოვრები მოსახლების მხარდაჭერის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 31 ახალი საწარმო ამოქმედდა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.