სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა
ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დეპუტატებს 2023 წელს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან.
თენგიზ ნასარიძის განცხადებით, დარგის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ოპერატიულად მოხდეს საჭიროებებზე რეაგირება.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც ათეულ ათასობით ბენეფიციარი სარგებლობს. ამ მხარდაჭერის შედეგია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აგრარულმა კომიტეტმა, რომელსაც სოფლის განვითრების სააგენტოს 2023 წლის დეტალური ანგარიში წარედგინა, სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
აგრარული კომიტეტის წევრებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიების, შპს „ფუდ ალიანსის“ პურ-ფუნთუშეულის საწარმო და შპს „ქანდა აგრილჩარის“ გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, კომიტეტი აგრძელებს რეგიონებში გასვლით შეხვედრებს.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში არსებული ის პრობლემები, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი ამ საკითხების გადაწყვეტაში მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან“,- აღნიშნა გელა სამხარაულმა.
მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან. არსებობს საკითხი, რომლებზეც მომავალშიც გაგრძელდება სამუშაოები და ამ რეჟიმში შეხვედრები, რათა მოსახლეობა კიდევ უფრო კარგად იყოს ინფორმირებული იმ პროექტების და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.