სოფლის განვითარების სააგენტოს 2024 წლის შედეგები
2024 წლის დასასრულს სოფლის განვითარების სააგენტო ტრადიციისამებრ აჯამებს იმ პროგრამებისა და პროექტების შედეგებს, რაც აგროსექტორის განვითარების მიზნით განახორციელა. 2024 წელს მიმდინარე პროგრამები და პროექტები, მიზნად ისახავს აგროსექტორის საჭიროებებისა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას.
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, 2024 წელს 5,300-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 968.5 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 227 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა.
ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. 2024 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით 18,9 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,265 ჰა-ზე ახალი ბაღების გაშენება.
რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაფინანსებულია 270 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. 2024 წელს კი 14 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასრუქტურის შექმნის თაობაზე იქნა დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებული.
სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია. 2024 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისა და მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 300-ზე მეტი ტექნიკის შეძენა, შეძენილი ტექნიკის ღირებულებამ 31 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
თხილი, გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და მისი ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, სწორედ ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება.
2024 წელს დავიწყეთ 4 ახალი პროგრამის განხორციელება: საპილოტე რეგიონებში ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, პირველადი წარმოების მხარდასაჭერად „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ პროგრამა, მეფუტკრეობის მხარდამჭერი პროგრამა და ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად. ახალი პროფილური პროგრამები 2025 წელსაც განხორციელდება.
პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.rda.gov.ge/programs