გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
სააგენტოს ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განხორციელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს და 2022 წლის გეგმების შესახებ იმსჯელეს.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტოს ყველა პროგრამაზე დისტანციურად წვდომა და ჩართვა ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი. პროგრამაში მონაწილეობის გამარტივების მიზნით, მომზადდება ვიდეოინსტრუქცია, სადაც დაწვრილებით იქნება განმარტებული პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 3,4 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხი, საიდანაც 480 მლნ ლარზე მეტი სააგენტოს თანადაფინანსებაა. პროგრამით დანერგე მომავალი გაშენებული მრავალწლოვანი ბაღები 14,000 ჰექტარს აღემატება; გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი 157 საწარმოდან, 74 საწარმოს თანადაფინანსება მიმდინარე წელს განხორციელდა.
ქართული ხარისხიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათეულობით საწარმოში დაინერგა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავე პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ თანადაფინანსება პროდუქტის ბრენდირებისთვის. 2021 წელს დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს, მათ შორის როგორც გამწევ და მოსავლის ამღებ ტექნიკას. სახელმწიფოს თანადაფინანსების სხვადასხვა პროგრამით, კერძო სექტორისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. შედეგად, მეწარმე/ფერმერებმა, დამატებით, 300 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკის შეძენა შეძლეს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს დაზღვეული ფართობი 19,000 ჰექტარს აღემატება, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მზარდია.
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების მიერ აქტიურად მიმდინარეობს ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა საექსტენციო მომსახურება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წელს აქტიურად გაგრძელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მეტად მორგებული იქნება ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
სოფლის განვითარების სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ოთარ შამუგია და სოლომონ პავლიაშვილი, სამინისტროს და სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.