ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას და ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პლატფორმებს, რომ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეული საერთაშორისო გამოფენა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის არის შესაძლებლობა, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტის განხორციელების დასაწყებად.
ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ქართველი მეწარმეების და ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რაც გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მეტ შესაძლებლობებს იძლევა.