„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება გრძელდება
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.
პროგრამაში მიმდინარე წლის 21 მაისს გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოში 23 მაისის მდგომარეობით შემოსულია დაახლოებით 4,3 მლნ ლარის დაფინანსების მოთხოვნით 3,000 -ზე მეტი განაცხადი. სააგენტო აგრძელებს განაცხადების მიღებას ბიუჯეტის ამოწურვამდე.
პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). აღნიშნული სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.