პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში 100 ქალი დაფინანსდა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ქალთა საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ამავე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარ იმ ქალბატონებს შეხვდა, რომლებიც ვანის, ჩხოროწყუს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან მარნეულში სასათბურე მეურნეობების საქმიანობის გაცნობის მიზნით ჩავიდნენ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სამდივნოს ხელმძღვანელი თინათინ ოდილავაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურან ფანგანი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მარნეულსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ქალთა საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დამატებით, ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისათვისაც ხელმისაწვდომი გავხადეთ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. მიზნობრივი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ქალს შესაძლებლობა მიეცა, სასათბურე მეურნეობა მოეწყო“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარების ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა შორის გამოცდილების გაზიარება და დარგობრივი ცოდნის მიწოდება სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურების 2024 წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი ერთ-ერთი აქტივობაა და ყოველთვიურად ხორციელდება.
„საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ 2022 წელს, მარნეულსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 2023 წელს პროგრამა ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში გაცემული თანადაფინანსება 1,8 მლნ ლარს აღემატება.