ქვეყნის აგროსაინვესტიციო შესაძლებლობები საპატიო კონსულებს სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორმა გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის” საპატიო კონსულები მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს. 

ღონისძიების ფარგლებში გამართულ თემატურ პანელებზე მონაწილეებმა  საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები განიხილეს.

პანელური დისკუსიის თემა იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობებიც. ქვეყნის აგროსაინვესტიციო შესაძლებლობები საპატიო კონსულებს სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა გააცნო. 

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ხელშეწყობით ქვეყანაში ვითარდება სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული კომპონენტი და საერთაშორიოს ბაზარებზე ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტები მეტად ხელმისაწვდომია.  ჩვენ  აქტიურად ვსაქმიანობთ  იმისათვის,  რომ  ქართულმა აგროპროდუქციამ  მყარი  პოზიციები დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. სოფლის მეურნეობა მაღალი რისკით გამოიჩევა, თუმცა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით დარგში  ინვესტირება ხდება უფრო მიმზიდველი. გვაქვს რა იაფ დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობა და ვეხმარებით გრანტის კომპონენტით სასტარტო კაპიტალის შექმნაში. არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა  უცხოელი ინვესტორები აფუძნებენ კომპანიებს საქართველოში და ახდენენ ინვესტირებას სოფლის მეურნეობაში.“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა