ილია თამარაშვილი: პროგრამის განხორციელების შემდგომ აგრომწარმოებლები შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა
„USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ინიცირებით დაიწყო, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც ჩართულები ვართ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სააგენტოები. პროექტი გულისხმობს იმ უნარების შეძენას ფერმერებისათვის, რომელიც დაეხმარებათ, როგორც შემსყიდველების მოძებნაში, ასევე მათთან მოლაპარაკების წარმოებაში, წინადადებების ფორმირებაში. შერჩეული იქნა ერთი ევროპული ქვეყანა, გერმანია, სადაც მიღებული გამოცდილება თავისუფლად გავრცელდება ევროკავშირისა თუ შენგენის ქვეყნებზე, და ასევე გალფის ქვეყნები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი. საერთაშორისო კომპანია OCO Global, თითოეულ კომპანიას დაეხმარება შეთავაზების, წინადადების ფორმირებაში და ასევე ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. საბოლოოდ პროგრამაში 50 კომპანია ჩაერთვება. ამ პროგრამის განხორციელების შემდგომ, აგრომწარმოებლები შეძლებენ მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა და სურსათის მწარმოებლები (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები და სხვა).
ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სოფლის განვითარების სააგენტომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“.