კახეთის რეგიონში მცხვორებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. თელავში, პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

პროგრამის მენეჯერმა ფერმერებს შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს მფლობელობაში არსებული მიწის ნებისმიერი (5 ჰექტარს ზემოთ) ფართობიდან შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ასევე დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.

მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

  • გაცემულია 81,453 პოლისი
  • დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰა
  • ჯამში დაზღვეულია 551 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი
  • ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33 მილიონზე მეტი ლარის სუბსიდირება მოახდინა. 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა