ტერმინთა განმარტება
პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
პოტენციური ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბენეფიციარი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოტენციური ბენეფიციარის კრიტერიუმებს და რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების შესახებ;
ახალი სამეწარმეო საქმიანობა – სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც იწყებს პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადით წარდგენილი პროექტით ან რომელიც წარმოადგენს პოტენციური ბენეფიციარისათვის სამეწარმეო საქმიანობის ახალ მიმართულებას ან რომელიც მიმდინარეა, მაგრამ პროექტით მისი ახალ (სხვა) ადგილმდებარეობაზე განხორციელება არის დაგეგმილი;
თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;
ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
პროექტი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შესაძლებელია, დააფინანსოს სააგენტომ;
საგრანტო დაფინანსება – დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილი დასახლება.