პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტი ითვალისწინებს  პროგრამის შემდეგი კომპონენტებისთვის დამტკიცებულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას: 

  • პირველადი წარმოების თანადაფინანსება;
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება; 
  • სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსება.

ასევე შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაფორმებული თანადაფინანსების შეთანხმებით დამტკიცებულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას.

პირობები და ვალდებულებები

იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემისა და პროგრამის პირობებს.

სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, ხელშეკრულების და/ან თანადაფინანსების შეთანხმების საფუძველზე. 

სესხის თანადაფინანსების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სესხების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს დარღვევებზე. 

დასაშვებია:

  • სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ თანადაფინანსების ჯამურ თანხასა და ვადას.
  • სესხის ან სესხების რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას, არ იზრდება თავდაპირველი სესხის თანადაფინანსების ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების მოცულობა. 
  • პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარზე განსაზღვრული გასაცემი სესხის მაქსიმალურ ლიმიტს (გარდა ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის ქვეკომპონენტით განსაზღვრული ლიმიტებისა) და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.  

სესხის ლიმიტი: 15,000 ლარიდან 4,000,000 ლარის ჩათვლით. 

სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე. 

სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, იყოს ფიქსირებული ან მცურავი (ცვლადი):

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
15,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 18%-ისა  
150,001 ლარიდან 500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 17%-ისა
500,001 ლარიდან 4,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 16%-ისა;


მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
15,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს  დამატებული 8%-ისა
150,001 ლარიდან 500,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა
500,001 ლარიდან 4,000,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა. 


კომპონენტის ფარგლებში სააგენტოს მიერ არაუმეტეს 36 თვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 38 თვის განმავლობაში, ამასთან, სესხის თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამის ფარგლებში გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული მიზნობრიობ(ებ)ის შესრულებას. 

საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის სრულად გაცემა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • პირველადი წარმოებისა და სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტების ფარგლებში − 15 თვეში;
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში − 21 თვეში.

სესხის გაცემა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

სესხის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:

  • 50,000 ლარამდე − 0.5%-ს;
  • 50,001 ლარი ან მეტი − 0.2% -ს.

სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, ბენეფიციარს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ ჯარიმა. 

სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 

სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი. 

სესხის დაფარვის გრაფიკის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 

სააგენტოს მიერ სესხის თანადაფინანსება შეწყდება: 

  • სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში; 
  • ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
  • თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
  • პროგრამის სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში;
  • საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში;
  • სესხის გრაფიკით გათვალისწინებული სესხის თანადაფინანსების გადახდის ბოლო თარიღიდან 2 თვის გასვლის შემდგომ. 

ზოგადი პირობები 

  • დაფინანსდება მხოლოდ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული კაპიტალური დანახარჯები.  
  • წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს კომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
    მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც. (გარდა შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტისა)
  • შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).
  • ბენეფიციარის მიერ კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის ფაქტობრივად გადახდილი/გადასახდელი სესხის საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების ოდენობა გამოაკლდება პროექტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გასაცემ თანადაფინანსების თანხას.

ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია:  

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.  

დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
  • მშენებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება  ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

მიწის ნაკვეთი სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს  საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ან იჯარით, რომელიც:

  • რეგისტირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით.
  • იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს 
  • მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა, ასევე, ასევე, სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში,  საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.  

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები

თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის  განხორციელებით.

მშენებლობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ საქართველოს კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა. 

არანაკლებ 200,000 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა დასტურდებოდეს:

  • სსიპ - აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს (აკრედიტაციის ცენტრის) მიერ აკრედიტირებული პირის დასკვნით
    ან 
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით

არანაკლებ 500,000 ლარის პროექტის ღირებულების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა  პროექტი დატვირთოს  იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი. 

სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.

სიახლეები